ბრალის წარდგენა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა.

სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. დროებით მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ორი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა თედორე გობეჯიშვილს შესთავაზეს, – ერთ-ერთი პარტიის სახელით 50 000 დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და ეთქვა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. ამ განცხადების გაკეთების შემთხვევაში კი, უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. გამოძიების ცნობითვე, გობეჯიშვილისგან უარის მიღების შემდეგ, დაკავებულები ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და აიძულებდნენ შემოთავაზებულ წინადადებას დასთანხმებოდა. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.