ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ და საფრთხის შემცველი განცხადებები

ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული ვითარების და სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტების ახალი ბრალდებების მოსმენა უწევს.

გამოძიების საგანია განცხადებები, რომლებიც თეირანთან თანამშრომლობაზე, ტერაქტების გაზრდილ საფრთხესა და ქვეყანაში ტერორისტების მომზადებაზე ბოლო დღეებში გაკეთდა. ცალკეული პოლიტიკოსებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების შემდეგ სუს-ში გამოკითხვაზე ამჯერად ექსპერტი, გია ხუხაშვილი მივიდა. როგორც ირკვევა, გამოძიების საგანი ხდება მისი გუშინდელი სატელევიზიო კომენტარი, სადაც მოსალოდნელ ტერორისტული აქტების სერიასა და საფრთხეებზე იყო აქცენტი. მომატებული საფრთხეების კონტექსტში ხუხაშვილმა ახსენა ქვემო ქართლში მდებარე ის სასწავლებელიც, რომელზეც ცოტა ხნის წინ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმაც ისაუბრა. ყველა მსგავსი განცხადება მმართველი პარტიის მხრიდან რეგიონში გაუარესებული უსაფრთხოების და სამხედრო მოქმედებების ფონზე ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად ფასდება. ხელისუფლება მათ ავტორებს უცხო ძალების დავალებით მოქმედებასა და მტრულ საქმიანობაში ადანაშაულებს.

შიდა აქტორების ნარატივი და გზავნილები დღეს საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეულმა ამერიკელმა კონგრესმენმაც გაიმეორა.