უცხო ქვეყნის ორგანიზაცია ფიგურირებს იმ განცხადებაშიც, რომელზეც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საბოტაჟის მცდელობა და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება – ასეა ფორმულირებული ბრალდება, რომელსაც, როგორც ირკვევა, მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიმართვა დაედო საფუძვლად. დაკონკრეტებული არ არის, ვის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება. ნახსენებია მხოლოდ ოთხი ოპოზიციური სუბიექტი, რომელთა ბოლოდროინდელ ქმედებებში მიმართვის ავტორმა კონსტიტუციური წყობილების რღვევის საფრთხეები დაინახა. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერები უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული რევოლუციური პროცესების მცდელობაზე მიუთითებენ და აანონსებენ, რომ გამოკითხვის შემთხვევაში საკუთარ მოსაზრებას კონკრეტული განცხადებებით და მტკიცებულებებით გაამყარებენ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ოპოზიციური ძალების დაშინების მცდელობად მიიჩნევენ ხელისუფლების ოპონენტები.