ბრალდება მუქარის შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას“ ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. აღაჯალა ოღუჯოვი ამბობს, რომ როგორც მმართველი პარტიის მხარდამჭერი, წინასაარჩევნოდ სოფელში აგიტაციას ეწევა, მას გვიან ღამით უცნობი პირები სოფლის ცენტრში დახვდნენ და პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ოღუჯოვი ვარაუდობს, მის მიმართ განხორცილებული მუქარა „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველისა და მისი გარემოცვის ინტერესებში შედის. მომხდართან დაკავშირებით, სამართლებრივ რეაგირებას არ გამორიცხავს თელავის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ მუსაევი და ოპოზიციას მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი მუქარა და დაშინების პოლიტიკა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მიერ დადგმულ პროვოკაციას. ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია.