ბრალდება ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ 

ევროპელი დიპლომატების ბრალეულობას ხედავს მმართველი გუნდი ოპოზიციის ქმედებებში.

რადიკალიზმის წახალისების კონტექსტში განიხილება საარჩევნო ბანერის დაზიანების შემდგომ, ნიდერლანდების ელჩის მხრიდან, ელენე ხოშტარიას პირად რეზიდენციაში მიწვევა. „დროას“ ლიდერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება, რაც სასჯელის მარტივ ფორმებთან ერთად, ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ უცნობია აღკვეთის  ღონისძიების, რა ფორმას მოითხოვს ბრალდება, ელენე ხოშტარია საქმეს პოლიტიკურ ფარს უწოდებს და სასამართლოში გამოცხადებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ორი დღეა „დროას“ ლიდერის დაკავება მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემაა, მომხდარს ოპოზიცია პოლიტიკურ დევნად, მმართველი გუნდი კი კანონდარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებად აცხადებს. ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული ბრალდებების გათვალისწინებით, ელენე ხოშტარიას რუსეთიდან გადმორიცხული თანხაც არაერთხელ შეახსენეს.