ბრალდება „დამხობის კომიტეტის“ ხუთი წევრის წინააღმდეგ

არშემდგარი მშვიდობიანი დამხობა და ხუთი დაკავებული პოლიტიკოსი: პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შაბათს ორბელიანების სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული. დაკავებულთაგან ნაწილი დუმს, ნაწილი ბრალს არ აღიარებს. ხვალ გახდება ცნობილი, აღკვეთის რა ზომას გამოიყენებს სასამართლო. პროცესი ხვალ დილით არის ჩანიშნული. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება – ხელმძღვანელობა, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, – პროკურატურა ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად თვითმმართველობის არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ბრალდებულთა მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებს ასახელებს. გამოძიება ამტკიცებს, რომ გეგმა ხელისუფლების დამხობა და რევოლუციურ პროცესებში აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჩართვა იყო, რისთვისაც 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება დაიწყო. ბრალდებების წასაყენებლად შესაბამისი იურიდიული საფუძვლების არარსებობაზე მიუთითებენ ადვოკატები.