ბორჯომში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სოფელ საკირეს მიმდებარედ, გამთენიისას მუშაობა განაახლა ვერტმფრენმაც.

საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე.

მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მიმდინარეობდა ტერიტორიის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები.

ამ დროისათვის, ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, დაახლოებით, 3,5 ჰექტარი შეადგინა. ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება.