ბოლო დღე-ღამის დამაიმედებელი სტატისტიკა და საქართველო „სოლიდარობის კვლევაში“ - რა წყაროებს უკავშირდება სამი ახალი შემთხვევა და რა პრეპარატის ეფექტიანობას გამოცდის კვლევა, რომელშიც საქართველო 200-მდე ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს

ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა.

ოთხდღიანი მკვეთრი მატების შემდეგ „კოვიდ-19“ დღეს მხოლოდ სამ ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ორი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული შემთხვევაა და ისევ სატვირთო მანქანების მძღოლებს უკავშირდება. სიტუაციას ახლა ის გარემოება ართულებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტებიდან 10-მდე ინფიცირებულის დაავადების პირველწყაროს ვერ ადგენენ. ეს კი თავის მხრივ ვირუსის სწრაფად გავრცელების რისკს ქმნის, რისი პრევენციისთვისაც გარკვეული შეზღუდვების დაცვა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საყურადღებოა ისიც, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. საქართველოში ასეთი უკვე 88 ინფიცირებულია აღირიცხული.