ბოლნისის რაიონში ადგილობრივები "არემჯი გოლდისგან" "ბნელი ხევის" ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

საპროტესტო აქცია გაიმართა ბოლნისის რაიონში. უკვე მეთორმეტე დღეა, სოფლის მოსახლეობა ხრამის ხეობის ე.წ. ბნელი ხევის მისასვლელთან არის შეკრებილი. ადგილობრივები ოქროს მომპოვებელი კომპანია არემჯი გოლდისგან“, “ბნელი ხევის” ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. მოსახლეობა აცხადებს, რომ სამუშაოები მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

დღეს აქციის მონაწილეებს დმანისის გადარჩენის ფონდის წევრებიც შეუერთდნენ, რომლებიც “არემჯის” წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. ფონდის წევრები აცხადებენ, რომ კომპანიამ მუშაობა უნდა გააგრძელოს, თუმცა, მათი სამუშაოები კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს.

აქციის მონაწილეებს კომპანია „არემჯიმ“ უპასუხა. განცხადებაში წერია, რომ კომპანიამ ღიად და გახსნილად აცნობა საზოგადოებას თეთრიწყაროს რაიონში ახალი პროექტის დაწყების შესახებ. “ბნელი ხევის” საბადოს ათვისების პროექტი კარიერის და სანაყაროს მოწყობას ითვალისწინებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 20 000 000 ლარს შეადგენს. ადგილზე კომპანია საერთო სარგებლობის საგზაო ინფრასტრუქტურას აშენებს, ხოლო პროექტის სრული დატვირთვით ამუშავებისას, რაიონში დამატებით 300-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.