ბიზნესმენის გარდაცვალების საქმე
რესტორან „ურმულის“ ყოფილი მფლობელის, გარდაცვლილი ბიზნესმენი არსენ კუტალაძის ოჯახისა და ადვოკატების გადაწყვეტილებით, უფლებადამცველთა კომისია შეიქმნა, რომელიც საქმის დეტალებს შეისწავლის და შესაბამის დასკვნას მოამზადებს. ადვოკატების განცხადებით, ბიზნესმენის გარდაცვალების საქმეში არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და საეჭვო გარემოებები, რომელთა ანალიზსაც სწორედ აღნიშნული კომისია მოახდენს. ოჯახს იმედი აქვს, რომ დასკვნა გამოძიების დაჩქარების საფუძველი გახდება. ადვოკატების ერთ-ერთი ამოცანა ასევე კუტალაძის მეუღლის დაზარალებულად ცნობაა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი 2019 წლის იანვარში ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიების ვერსიითა და ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი სისხლში დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკი – მეთადონი გახდა. საგამოძიებო უწყების ვერსიის არ სჯერა ბიზნესმენის ოჯახს.