ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის, შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა, ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა.
როგორც ბრალდებულმა განაცხადა, მას სურს მისი საქმე მოსამართლემ განიხილოს. წინასასამართლო სხდომაზე, მანამდე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა, რომ საქმე არსებით განხილვაზე გადაეცეს სასამართლოს. დაცვის მხარის პოზიციით კი – საქმე გამოუძიებელია და არსებითად განსახილველად სასამართლოს არ უნდა გადასცემოდა და გამოძიებაში დაბრუნება მოითხოვეს. დღესვე გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება. პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჯანგველაძის მკვლელობა უძილაურმა შეკვეთით თანხის სანაცვლოდ ჩაიდინა. მტკიცებულებები გაანადგურა და მისი თავისუფლებაში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატებმა გირაო მოითხოვეს. წინასასამართლო სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში კიდევ 6 პირია მიცემული, მათ შორის ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. მათ მკვლელობის შეკვეთაში ედავებიან. ლევან ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მოკლეს. მუხლი რომლითაც უძილაურს ედავებიან, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.