ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების სიაში საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა

ბიზნესისთვის ევროპის საუკეთესო ქვეყანათა რეიტინგში საქართველო 18-ე ადგილზეა. “საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის” – ამ სათაურით აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს ევროპის პალატა, სადაც საქართველო მინიჭებული 69 ქულით, ევროპის 46 ქვეყანას შორის 18-ე ადგილს იკავებს. ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების სიაში საქართველო გასულ წელთან შედარებით, ორი ადგილით დაწინაურდა.

კვლევა დაფუძნებულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის ინდექსებზე, ორ ძირითად ინდიკატორზე. ესენია ბიზნესის კეთების ანგარიში და კორუფციის აღქმის ინდექსის ქულა.

ევროპის პალატის მიერ მინიჭებული ქულა საერთო ჯამში დგინდება კორპორატიული გარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური კლიმატისა და იმ პირობების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ან ხელს უშლის კერძო სექტორის ქმედებებს, დაიწყოს, მართოს და გაფართოვდეს, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.