პარლამენტის ბიუროს დღეს საქართველოს მთავრობის განახლებული სტრუქტურის დასამტკიცებლად ცვლილებათა პაკეტი წარედგინება.
მცირე მთავრობის კონცეფციის მიზნით, ცვლილებები 116 კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირას განიხილავს. საკანონმდებლო პაკეტი 1300-გვერდიანია.
საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება და რამდენიმე უწყება ერთიანდება. მათ შორის, განათლების სამინისტროსთან კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაერთიანდება, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამინისტრო შეუერთდება, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ფუნქციები კი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის უწყებებზე გადანაწილდება.
უმრავლესობა ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა დეპუტატთა ნაწილი სამინისტროების შერწყმის თაობაზე დამატებითი კონსულტაციების გამართვას ითხოვს.