ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა დევნილი ოჯახებისთვის
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის 4 კორპუსის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები სრულდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ კორპუსებში გარემონტებული ბინები ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში, ფაქტობრივად მცხოვრებ 900-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. მომდევნო ეტაპზე კი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, რომლებსაც თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი აქვთ შევსებული. მთლიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
თბილისში დევნილებისთვის, ჯამში, 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 2 426 ოჯახი მიიღებს. მათ სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. პროექტის ბიუჯეტი 244 მილიონამდე ლარია. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება კი 11 მილიონ 860 000 ლარს შეადგენს.