ბინების მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის

ბათუმში, ორი ათასამდე ოჯახი კვლავ ბინების გადაცემის მოლოდინშია. საუბარია „ოცნების ქალაქზე“. ადგილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათთვის უკვე აშენებულ სამ საცხოვრებელ კორპუსში შესახლებას ახალ წლამდე ელოდნენ, თუმცა შენობები ბოლომდე დასრულებული არ არის და არც იციან, პირველ ეტაპზე რომელი 582 ოჯახი მიიღებს ბინას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მოსახლეობას სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან მშენებლობა უახლოეს თვეებში დასრულდება. რაც შეეხება შეფერხებას და ვადების გაჭიანურებას, მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე განმარტავს, რომ თავდაპირველად შეფერხება პანდემიამ გამოიწვია, შემდეგ კი ახალი ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო, რადგან მოსახლეობას ბინები სრულად გარემონტებული, ასევე ბუნებრივი აირის, წყლისა და სხვა კომუნიკაციების სრული გამართულობით უნდა გადაეცეთ, რამაც დამატებითი დრო მოითხოვა.