ბინების გადაცემა
კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება. დიდ დიღომში, „პერსპექტივა 2-ის” საცხოვრებელ კომპლექსში, 69 დაზარალებულ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა. პროექტის ფარგლებში აშენდა 417-ბინიანი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი. ტერიტორიაზე განთავსდა კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზო და რეკრეაციული სივრცეები. კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით 3 500-მდე მოქალაქეა დაზარალებული. პროგრამის ფარგლებში კი უკვე 2 500-ზე მეტი მოქალაქეა დაკმაყოფილებული. წლის ბოლომდე 12 პროექტის დასრულებაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ფართებით 600-მდე დაზარალებული მოქალაქე დაკმაყოფილდება. თბილისის მერიისა და ქონების მართვის სააგენტოს მიერ დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.