თბილისის მერიამ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადასცა. საცხოვრებელი ბინები ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს. აღნიშნულ მისამართზე, წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. შენობა ავარიული და საფრთხის შემცველი იყო. თბილისის მერიამ ოჯახებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და ჩუღურეთის რაიონში, კაპანაძის ქუჩის N4-ში გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა.