ბინები დევნილი 1600 ოჯახისთვის
280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი – თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 1 600-მდე დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი კომპლექსი ჯამში 11 კორპუსსა და 2 400-ზე მეტ ბინას აერთიანებს. პარალელურად, მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც, ამ პროექტების დასრულების შემდეგ, ახალმოსახლეობას კიდევ 2 700-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი იზეიმებს.
ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, საცხოვრებელი 45 000-ზე მეტ ოჯახს გადაეცა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი, ხოლო 16 ათას ბენეფიციარს სახელმწიფომ სახლი სოფლად შეუსყიდა. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება.