აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტმა, ბილ და ჰილარი კლინტონების დაკითხვის ვიდეო გაავრცელა. ბილ კლინტონის დაკითხვის ვიდეო ოთხ საათსა და 33 წუთს შეადგენს, ხოლო ჰილარი კლინტონის – ოთხ საათსა და 35 წუთს. ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ როგორც ბილ, ასევე ჰილარი კლინტონმა, უარყვეს ამერიკელი ფინანსისტისა და სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული, ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ რამე სახის ინფორმაციის ფლობა. დაკითხვისას კანონმდებლები ბილ კლინტონს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ეკითხებიან, სადაც ბილ კლინტონი ჯაკუზიში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფება. კლინტონმა ამაზე უპასუხა, რომ არ იცოდა თუ ეს ფოტო გადაღებული იყო. რაც შეეხება ფოტოს ადგილსამყოფელს, მისი თქმით, დარწმუნებულია რომ ეს ბრუნეიში არის გადაღებული, აზიაში „ხანგრძლივი მოგზაურობის ბოლოს“. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს ჯეფრი ეპშტეინის ყოფილი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის შესახებ. კანონმდებლებს აინტერესებდათ, ჰქონია თუ არა რამე სახის მიმოწერა კლინტონს მაქსველთან, რაზეც მან უარყოფითად უპასუხა.