ბიძინა ივანიშვილის განცხადება

„ქართული ოცნება“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე იყო მხოლოდ აქტიური, ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„დაფუძნდა აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც წარვადგინეთ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. ეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა გაფორმდეს ყრილობაზე, რომელსაც ჩვენ გაზაფხულისთვის ვგეგმავთ. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა და ესეც რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებას ეძღვნებოდა, რომ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე იყო მხოლოდ აქტიური, ჩვენ ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ და ყველა დროს, არჩევნებიდან არჩევნებამდე, შუალედიც უნდა იყოს არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური, მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე მართავენ შეხვედრებს რეგიონებში, ხოლო სექტემბრიდან კიდევ უფრო გააქტიურდებიან მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიმართულებით.