ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება

„შვეიცარული ბანკი Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად, ეს ვლინდება როგორც უშუალოდ ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში“, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო ციკვაძის განცხადებაშია ნათქვამი. ადვოკატის განცხადებით, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას და დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ასევე განცხადებაში წერია : „ბანკი არ ასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას „ჰეჯ ფონდების“ მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, ე.წ. ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზით, ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები. ხაზგასასმელია, რომ ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 2023 წლის 03 ივლისს და 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში. სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ამგვარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში.“ – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში.