ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე – მმართველ პარტიაში ამ ახალშექმნილ თანამდებობას დღეიდან ბიძინა ივანიშვილი იკავებს და სამწლიანი პაუზის შემდეგ, პოლიტიკას უბრუნდება. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა გადაწყვეტილების მიზეზებზე თავად ისაუბრა. ივანიშვილი განმარტავს, რომ მისი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ მკვეთრად დასუსტებული ოპოზიციის უმოქმედობის ფონზე, ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.

მისივე თქმით, მომავალ არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება და მთავრობაში საკადრო გადაადგილებებსაც გამორიცხავს. „ქართული ოცნების“ რიგით მე-7 ყრილობაზე მთავარი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მედიასთან პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ხელახლა ჩართვა ქვეყანას სტრატეგიული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.