ბიჭიკო პაიკიძის დაკავება

18:33, 19.12.2025

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებულის დაკავება ესპანეთში მოხდა. პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო. პროკურორის განცხადებით, მოითხოვა თუ არა მან პოლიტიკური თავშესაფარი, ეს საკითხი უცნობია, რაც შეეხება ექსტრადიციას, გადმოცემის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ბიჭიკო პაიკიძეს, რომელიც „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელია, გამოძიება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი თანხის, 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლებას ედავება.

მსგავსი