ბიბისის  ფილმი - საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება

„ბიბისის“ სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად, საკითხის დრამატიზებისთვის კი „ბიბისიმ“ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება გამოიყენა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში, არაფორმალური მმართველები „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან“. ირაკლი კობახიძის განმარტებით, გამოძიების წარმოებასთან ერთად, გეგმავენ მიმართონ ბრიტანულ კომუნიკაციების კომისიას და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა მედიაორგანიზაციამ სათანადოდ აგოს პასუხი. აღნიშნულ საკითხს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.