„ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება – შეფასებები
პოლიტიკური შეფასებების თემაა „ბიბისის“ მორიგი ჟურნალისტური გამოძიება. საქმე ეხება საგამოძიებო ფილმს, სადაც საუბარია, რომ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მედია-საშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს და ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე – ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“. პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოძიება დაიწყო „ბიბისის“ მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სუს-მა კონსტანტინე ჩახუნაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა, რაზეც მან განაცხადა, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებით, გუშინვე გავრცელდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადება. მისი თქმით, ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. მისი განმარტებით, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული. როგორც გომელაური აცხადებს, აღნიშნული ნივთიერება 2012 წლის შემდეგ აღარ გამოიყენებოდა.