ბექა რუსიას დედა მისი შვილის გარდაცვალების საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

სამხედრო მოსამსახურის, ბექა რუსიას დედა მისი შვილის გარდაცვალების საქმის ხელახალ გამოძიებას და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. პროკურატურას კი უარს ეუბნება მისი შვილის პირად ტელეფონში არსებული მასალის გადაცემაზე.

დაღუპულის ოჯახმა მედიით ვიდეო და ფოტომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ზემდგომი ფიზიკურად ვადიან მოსამსახურეს და როგორ პოზირებენ სამხედროები ზემდგომის პირადი ცეცხლსასროლი იარაღით.

ამ მასალის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო და განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა.

პროკურატურის განმარტებით, გარდაცვლილის ოჯახს ბექა რუსიას მობილურში არსებული მასალა არ გადაუცია. 19 წლის ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში არსებულ ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა.

საქმეზე დაკავებულია ბრალდებული ერთი პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს. მან ბექა რუსია საგუშაგოს უფროსის კუთვნილი ტაბელური იარაღით მოკლა.

საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. დღეს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელი დაღუპული ბექა რუსიას ოჯახს შეხვდება.