ბექა ხუცურაულის პერსონალური გამოფენა

თელავის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი თელაველი მხატვრის, ბექა ხუცურაულის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო. ახალგაზრდა, ნიჭიერი შემოქმედის მხატვრობაში განსაკუთრებული ადგილი ნატურმორტისა და პეიზაჟებისთვისაა განკუთვნილი. მხატვარი 2019 წლის შემდეგ მეორე პერსონალური გამოფენით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, მისი ორი ნამუშევარი — „კადრი გომბორიდან“ და „შემოდგომის მასპინძლობა“ — დიდი ხანია მუდმივ ექსპოზიციაშია და აღიარებული ქართველი მხატვრების ნამუშევრების გვერდით არის გამოფენილი. ბექა ხუცურაულის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი მხატვრის მეუღლის, ირინა ნოზაძის ტიხრულ მინანქარში შესრულებულ ნამუშევრებსაც იხილავს. ექსპოზიცია 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.