ბენედიქტე XVI-ის დაკრძალვა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, გადამდგარ რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს დაემშვიდობნენ. ყოფილი პონტიფიკოსის დაკრძალვის ცერემონიალს ათასობით კათოლიკე მორწმუნე ესწრებოდა. ვატიკანში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებულია. წინამორბედის დაკრძალვის ცერემონიალს რომის პაპი ფრანცისკე ხელმძღვანელობდა. ვატიკანში ჩავიდნენ სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურები და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებიც. ამასთან, ოფიციალური მიწვევა მხოლოდ გერმანიისა და იტალიის პრეზიდენტებს გაუგზავნეს. როგორც ცნობილია, თავად ბენედიქტე ითხოვდა, რომ მასთან გამომშვიდობების ცერემონიალი მაქსიმალურად უბრალო ყოფილიყო. რიტუალი მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული რომის პაპის დაკრძალვას, თუმცა მასში შეიტანეს გარკვეული კორექტივები, რადგანაც ბენედიქტე გარდაცვალების დროს მოქმედი პაპი აღარ იყო. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილები ბენედიქტეს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ. ბენედიქტეს ნეშტს ბაზილიკის ქვეშ მდებარე სასაფლაოზე დაკრძალავენ, სადაც რამდენიმე სხვა პაპის საფლავიც არის. ბენედიქტე მე-16 კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა 600 წლის განმავლობაში, რომელმაც პოსტი დატოვა. მან სიცოცხლის ბოლო წლები ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა.