BBC კეზერაშვილს პენსიონერების ძარცვის ორგანიზატორად იხსენიებს

„ბიზნესმენების ძიებაში, რომლებიც მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემის უკან დგანან“, – ამ სათაურით ავრცელებს „ბიბისი“ გამომძიებელი ჟურნალისტების სტატიას, სადაც ვკითხულობთ, რომ გლობალურმა თაღლითურმა ქსელმა ჩვეულებრივი ინვესტორებისგან მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარა. BBC Eye-მ კი აღმოაჩინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც როგორც ჩანს, დგანან მის უკან. სტატიის მიხედვით თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალზი“. სტატიის მიხედვით „მილტონის ჯგუფთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად, ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენია: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, დავით კეზერაშვილთან. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი სახელი ფიგურირებს როგორც ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. „ბიბისი“ ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია. სტატიაში წერია, რომ პირდაპირი კავშირი საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებში არ იძებნება, თუმცა ჟურნალისტი ესაუბრა „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს და მათ დაადასტურეს, რომ პირადად ჰქონდათ საქმე კეზერაშვილთან და იცოდნენ რომ ის ამ სქემაშია ჩართული. „ბიბისის“ ცნობით,  კეზერაშვილი ასევე კიევში ფლობს საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. ის ასევე ფლობს ანალოგიური ოფისებს თბილისშიც. „ბიბისი“ წერს, რომ კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით, ჟურნალისტები მივიდნენ ლონდონში მდებარე მის სახლში, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია. სტატიის მიხედვით კეზერაშვილმა ადვოკატის საშუალებით თაღლითურ სქემასთან კავშირი უარყო. „ბიბისის“ საგამოძიებო მასალას თავად დავით კეზერაშვილი რამდენიმე წუთის წინ განცხადებით გამოეხმაურა და სამართლებრივი ბრძოლა დააანონსა.

ბრიტანელი გამომძიებელი ჟურნალისტების სტატიას და დავით კეზერაშვილის განცხადებას გიორგი კობერიძე გაეცნო.