BBC-ის გამოძიება - თაღლითური სქემა კეზერაშვილის ორგანიზებით

საერთაშორისო თაღლითურ სქემაში დავით კეზერაშვილის შესაძლო მონაწილეობა პოლიტიკური ვნებათაღელვის მთავარი თემაა.

ცოტა ხნის წინ „ბიბისი“ ჟურნალისტური გამოძიების ამსახველ პირველ ვიდეომასალას აქვეყნებს. ახლა საინტერესოა, მოჰყვება თუ არა რეაგირება დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებიდან „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის და ამჟამად ინგლისში მცხოვრები ქართველ ბიზნესმენის ევროპელი პენსიონრების ძარცვის დანაშაულებრივ ქსელთან კავშირებზე მიუთითებს. მანამდე კი ამერიკის ელჩი სკანდალური საგამოძიებო მასალების საფუძველზე გამოძიების დაწყების რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლებას აძლევს. იმ ფონზე, რომ ექს-მაღალჩინოსანს თავადვე აქვს აღიარებული ქართველი პოლიტიკური სუბიექტების, მედიის და მესამე სექტორის დახმარება, ოპოზიციის ნაწილი კეზერაშვილთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებს მისგან დისტანცირებისკენ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოძიებული მასალები სერიოზული მტკიცებულებაა დანარჩენი ოპოზიციისთვისაც, რომელიც ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება. ერთადერთი, ვინც კეზერაშვილის შესაძლო ბრალეულობას გამორიცხავს და ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობაა“ – პარტია, რომლის სავარაუდო არაფორმალურ დამფინანსებლად და მასზე გავლენის მქონე პირად სწორედ დავით კეზერაშვილი მოიაზრება.