BBC-ის ფილმი – სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები
გამოკითხვები – დღე მეორე. ადამიანები, რომლებიც „ბიბისის“ ფილმში მონაწილეობენ, გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობენ.
მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს მამა-შვილი ჩახუნაშვილები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ის დემონსტრანტები, რომლებიც აქციების დაშლის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებსა და სამედიცინო კვლევებში მონაწილეობდნენ. ყველა მათგანის პოზიციაა, რომ დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციისთვის წყლის ჭავლში აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებაზე ინფორმაცია თავად არ მიუწოდებიათ. საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ მძიმე ბრალდებაზე რეაგირება მხოლოდ სუს-ში ორი მიმართულებით დაწყებული გამოძიებით არ შემოიფარგლება: დღეს ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება მიმართავს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და შემდეგ გადაწყვეტს, იჩივლებს თუ არა საერთაშორისო სასამართლოში. 2009 წელს ნაყიდ რა ნივთიერებებს გულისხმობდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური, იყო თუ არა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება გარეული, რა ნივთიერებაზეა საუბარი და ფლობს თუ არა ქვეყანა იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც „ბიბისის“ საგამოძიებო ჯგუფის მიერ ნახსენები კოდის ქვეშ იგულისხმება – ხელისუფლების მხრიდან აკრძალული ნივთიერების შეძენა-გამოყენების კატეგორიული უარყოფის მიუხედავად, ოპოზიციის და მესამე სექტორის ნაწილის დღის წესრიგში საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოთხოვნა აქტიურდება.