BBC-ის ფილმი – პოლიტიკური შეფასებები
BBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. გამოძიება ინტერესდება იმ რესპონდენტებითაც, რომლებიც „ბიბისის“ ფილმში წყაროებად არიან დასახელებული. ექიმების თქმით, ჩატარებული კვლევა კლინიკურია და მასში არც ქიმიურ იარაღზე, ან მოწამვლაზე საუბარი არ ყოფილა. საკითხს აფასებენ პოლიტიკურ პარტიებშიც. „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად, სავარაუდოდ, აკრძალული ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნების“ განმარტებით, მოსახლეობის წინააღმდეგ „ბრომო ბენზილ ციანიდი“ არც ამჟამინდელი და არც წინამორბედი ხელისუფლების პირობებში არ შეძენილა და არც გამოყენებულა. საქართველოს ხელისუფლებამ ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ დავა, შესაძლოა, საერთაშორისო სასამართლოებშიც დაიწყოს. პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლებით.