რა ნივთიერება შეურიეს შარშანდელი აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში – კითხვა, რომელიც „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმის შინაარსმა გაააქტიურა, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება.
გიორგი გახარიას პარტია სუს-ში დაწყებულ ძიებას არ ენდობა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შინაგან საქმეთა მოქმედი და ყოფილი მინისტრების შემდეგ განმარტებას აკეთებს მინისტრის მოადგილე, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის საგამოძიებო ჯგუფის მიერ ნახსენები აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. ოპონენტებს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ეჭვებს უღრმავებს, ოპოზიცია მათ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე მიუთითებს. პარალელურად გამოკითხვები გრძელდება სასამართლოში და სუს-ში – „ბიბისის“ ფილმში წყაროდ მითითებული ექიმები, დემონსტრანტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამომძიებლებს ინფორმაციას საკუთარ სიმპტომებზე და იმ სამედიცინო კვლევებზე აწვდიან, რომლებიც რამდენიმე ექიმმა აქციის მონაწილეთა სიმპტომების აღსაწერად და მონაცემების შესაგროვებლად საკუთარი ინიციატივით ჩაატარა. „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში რჩება. ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობას რეაგირებისთვის მიმართავს.