დავით კეზერაშვილს ევროპელი პენსიონერების გაძარცვაში ადანაშაულებენ – „ბიბისი“ ჟურნალისტური გამოძიების მასალებს აქვეყნებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილია დასახელებული. „ბიბისის“ ცნობით, ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. სტატიის მიხედვით, „მილტონის ჯგუფთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება, ესენია დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, დავით კეზერაშვილთან.
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი სახელი ფიგურირებს როგორც ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. „ბიბისი“ ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია.
ჟურნალისტი ესაუბრა „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს და მათ დაადასტურეს, რომ პირადად ჰქონდათ საქმე კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის ამ სქემაშია ჩართული. „ბიბისის“ ცნობით, კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. ის ასევე ფლობს ანალოგიურ ოფისებს თბილისშიც.
„ბიბისი“ წერს, რომ კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით, ჟურნალისტები მივიდნენ ლონდონში მდებარე მის სახლში, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მან ადვოკატის საშუალებით უარყო ამ სქემასთან კავშირი.