ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

მთელი ქვეყნის ყურადღება ახლა ბათუმისკენაა მიმართული.

ჩამონგრეულია საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს 12 ბინა – ნანგრევებში ამ წუთამდე რჩება 10-დან 15-მდე ადამიანი. მათ შორის რამდენიმე პირი კონტაქტურია. პერიოდულად ისმის ხმები. 40 წუთის წინ მაშველებმა საბედნიეროდ, ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს – ნანგრევების ქვეშ რვასაათიანი ყოფნის შემდეგ ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მეათე საათია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, თუმცა ძირითადად მაშველებს ხელით უწევთ მუშაობა. გასაგები მიზეზების გამო პროცესი ნელა მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი. გვერდითა ორი სადარბაზოდან ყველა ოჯახი ევაკუირებულია. დილის 12 საათიდან მთელი საქართველო ტრაგედიის ადგილზე არსებულ უმძიმეს სურათს და მიმდინარე სამუშაოებს პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.

დატოვე კომენტარი