ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება - იუსტიციის სამინისტროს განცხადება
გავრცელებული ცნობით, სარდაფის სარემონტო სამუშაოების ნებართვის მოთხოვნა საჯარო რეესტრმა დაახარვეზა. დანგრეულ კორპუსთან თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები უკვე ტარდებოდა და აღნიშნულს ადგილობრივები აპროტესტებდნენ.
გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნებართვა არ გაუცია. უწყებაში განმარტავენ, რომ სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე და ადმინისტრაციული წარმოებაც, მიმდინარე განაცხადზე, მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქე ზაურ ბუდაგოვმა მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს მიმართა სააგენტოს და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.