ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

სამი პირია დაკავებული საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე – მათ შორისაა ამავე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და ორი პირი, რომლიც მან სარდაფის რემონტისთვის დაიქირავა. გამოძიების ინფორმაციით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, სარდაფის სარემონტო სამუშაოების ნებართვის მოთხოვნა საჯარო რეესტრმა დაახარვეზა. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ეს სამუშაოები კორპუსში უკვე მიმდინარეობდა. დანგრეულ კორპუსთან თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები უკვე ტარდებოდა და აღნიშნულს ადგილობრივები აპროტესტებდნენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ კორპუსში სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა. დაკავებული მამაკაცი ამ მისამართზე ფლობდა 200 კვ. მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს.