ბათუმში ექვსი პირი დააკავეს

გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ექვსი პირი დააკავა პოლიციამ. მათგან 4 საქართველოს, 2 კი თურქეთის მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების ნაწილი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბოკვერსა“ და აეროპორტის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ფაშაში“ მუშაობდა. ისინი თანამზრახველებთან ერთად, აღნიშნულ დაწესებულებებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს და რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.