ბათუმში BIAFF-20 გაიხსნა

12:47, 20.09.2026

BIAFF-20, ბათუმის საერთაშორისო „არტჰაუს“ კინოფესტივალი, ლევან კოღუაშვილის ფილმით, „გურია“ გაიხსნა. კოღუაშვილის ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების პროგრამაშია. გახსნის ღონისძიებას ქართული და ევროპული კინოს ვარსკვლავები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები დაესწრნენ. საიუბილეო მეოცე კინოფესტივალის პროგრამა მოიცავს: საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. კინომოყვარულები ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილ ფილმებს და ანიმაციებსაც ნახავენ, რაც ფესტივალის სიახლეა. ასამდე ფილმის ჩვენება ზღვისპირა ქალაქში ოთხ სხვადასხვა სივრცეში მოეწყობა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ბათუმის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში. ფესტივალი 26-ს სექტემბერს დაიხურება.

მსგავსი