ბათუმის ტრაგედია და დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები

ბათუმის ტრაგედიის შემდეგ სამშენებლო უსაფრთხოების სფეროში რეგულაციების გამკაცრება იგეგმება.

მიზანი თვითნებური და უნებართვოდ წარმოებული სამუშაოების თავიდან აცილებაა. გამოძიების ვერსიით, სწორედ ნებართვის გარეშე მიმდინარე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები გახდა 8 ოქტომბერს შვიდი სართულის ჩამონგრევის მიზეზი. ცვლილებები მუნიციპალური სამსახურის მხრიდან საზედამხედველო კონტროლის გაძლიერებასაც გულისხმობს. 26 მაისის ქუჩის ტრაგედიის შემდეგ ბათუმის მერიაში სხვადასხვა ქუჩიდან სამშენებლო წესების შესაძლო დარღვევაზე 200-ზე მეტი ზარია შესული. დღის წესრიგში აქტიურდება მიშენება-დაშენებების პრობლემაც, რომელიც არაერთი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მათი უსაფრთხოების შესასწავლად შესაძლოა სპეციალური კომისია შეიქმნას. დღეს ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაღუპული კიდევ ხუთი ადამიანი დაკრძალეს. განსაკუთრებით ემოციური იყო პანაშვიდზე იმ მაშველების მისვლა, რომლებიც 30 საათის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ.