ბათუმის თოჯინების თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასამართლოში უჩივის და ერთი თვის წინ გამართული დირექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგებს აპროტესტებს. ჩხაიძის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები“ იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კონკურსი დარღვევებით ჩატარდა და ამასთან ადგილი ჰქონდა გიორგი ჩხაიძის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას, ვინაიდან ჩხაიძის შეცვლის გადაწყვეტილება სამინისტრომ გაცილებით ადრე მიიღო, მაშინ, როცა ჩხაიძემ სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი სტატუსი გამოაქვეყნა და პრემიერ-მინისტრის პოზიციას გაემიჯნა.
გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა პირდაპირ განუცხადა, რომ ის უნდა წასულიყო თანამდებობიდან და მას ირაკლი კიკვაძე ჩაანაცვლებდა, რომელიც კონკურსის მერე მართლაც გამარჯვებულად გამოცხადდა.
„მინისტრმა გაცილებით ადრე მითხრა, რომ ირაკლი კიკვაძის დანიშვნა იყო გადაწყვეტილი, ჩვენს მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა უკრაინის ომის დაწყებისთანავე გამოჩნდა, როცა ჩემი სტატუსის შემდეგ არცერთ ღონისძიებაზე აღარ გვიწევდა სამინისტრო. ეს იყო ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია და დღესაც გავიმეორებ, რომ მე ვარ გიორგი საქართველოდან და ღარიბაშვილი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას,“ – განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.
ისფედი სასამართლოში კონკურსის შედეგების გაუქმებას და მის ხელახალ გამართვას მოითხოვს.