ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში ისწავლიან

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში ისწავლიან. სტუდენტებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრთან ერთად შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და სტუდენტების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნო. 20 სტუდენტი გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში სწავლას საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მეცნიერებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით გაიღრმავებს. ასევე, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, გაიარონ პრაქტიკული კურსი გემის მართვის, ნავიგაციური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების კუთხით.

მიმდინარე წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით 400 სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება. ასევე, წელს იწყება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობაც, რომლითაც აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის 1 000 სტუდენტი ისარგებლებს.