ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის სასტუმრო „შერატონისგან“ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას ითხოვს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა. ასევე პარტიის ინფორმაციით, შსს-მ გადაუდებელი წესით განახორციელა გახარიას ტანსაცმლის ამოღება, მისი გამოკითხვა კი რამდენიმე დღეში იგეგმება. გიორგი გახარიაზე​ მომხდარ თავდასხმას შურისძიებას უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თავად გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ რეჟიმის გადასარჩენად ძალადობს. რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმე მოიცავს როგორც გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირებას, ისე ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე მომხდარი თავდასხმის ეპიზოდს. როგორც ქორიძე აცხადებს, მას თავს გიორგი მანველიძე და დიმიტრი სამხარაძე დაესხნენ.

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის ამსახველი 24-წამიანი ვიდეო ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა, თუმცა, ის სრული არ არის და მომხდარს ნაწილობრივ ასახავს.