აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. უკანონო თანხებით ქონება და ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირებზე გააფორმეს, თუმცა თავად ფლობდნენ და სარგებლობდნენ აღნიშნული ქონებით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორ ფიზიკურ პირს 10-10 წლით, ხოლო ორს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე მათ ჩამოერთვა უკანონო საქმიანობით მიღებული თანხებით შეძენილი ქონება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, სასამართლომ მას სასჯელად ჯარიმა დაუნიშნა და საქმიანობის უფლება ჩამოართვა.