ბათუმის საკრებულოს სხდომა
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე გახდა. იგი ყოფილი სპორტსმენი და საკალათბურთო კლუბ „ბასკოს“ დირექტორი იყო. უმრავლესობამ თანამდებობაზე იგი ფარული კენჭისყრით, ერთხმად აირჩია. ოპოზიციის ორმა დეპუტატმა კენჭისყრაზე უარი თქვა. ბათუმის საკრებულოს 25 წევრიდან, 22 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, თითო დეპუტატით წარმოდგენილი არიან „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“. პირველ სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ჯემალ ანანიძე პარლამენტის წევრი გახდა მას შემდეგ, რაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გახარიას პარტიის განახლებული შემადგენლობა შევიდა, ამიტომ, მისივე განცხადების საფუძველზე, საკრებულომ უფლებამოსილება შეუწყვიტა. მის ადგილს პარტიული სიის მომდევნო ნომერი დაიკავებს. პირველივე სხდომის წინ, „ლელოს“ წარმომადგენელმა მოითხოვა საკრებულოებში შეიქმნას კორუფციის შემსწავლელი კომისიები. ვაჟა დარჩიას განცხადებით, კორუფციას მუნიციპალურ დონეზე თავად „ქართული ოცნება“აღიარებს, ამიტომ პრობლემა სწორედ კომისიებმა უნდა შეისწავლონ, რასაც უმრავლესობაში პასუხობენ, რომ ამისთვის ქვეყანაში შესაბამისი სამსახურები ეფექტურად მუშაობენ და დამატებითი კომისიების საჭიროება არ არსებობს.