ბათუმის აეროპორტის გაფართოება

ერთ კვირაში რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა გაურკვეველი ვადით შეჩერდება.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების გამო, ავიარეისებს ექვსი რუსული და ორი  ქართული ავიაკომპანია შეწყვეტს. ცვლილება კი ძირითადად თბილისისა და ბათუმის აეროპორტებზე აისახება. მარტო ბათუმში ფრენები რუსეთის შვიდი ქალაქიდან შეჩერდება. თუმცა პროცესი ზღვისპირა ქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე არ იმოქმედებს.

„ტავ ჯორჯია“ ოქტომბრიდან აეროპორტის გაფართოებას იწყებს. პარალელურად ტარდება კვლევა, რომლის მიზანი აეროპორტის ათწლიანი სტრატეგიის განსაზღვრაა. შესაძლოა, კვლევის საფუძველზე ბათუმიდან აეროპორტის გადატანის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში. ამ ეტაპზე განიხილება ორი ადგილი – ქობულეთი ან გურიაში მდებარე ყოფილი აეროდრომის ტერიტორია.