ბარ „სახელოსნოს“ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწესებული რეგულაციის განმეორებით დარღვევისთვის თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარი „სახელოსნო“ დახურა. აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს – „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა. აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.