ბალტიისპირეთის ქვეყნების პოზიცია - შალვა პაპუაშვილის განცხადება 

ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ტონი სულ უფრო მკაცრდება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მეორე სასანქციო პაკეტის ამოქმედების შემდეგ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მასპინძლობენ. ვილნიუსის და რიგის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ამჯერად ტალინში იმყოფება, სადაც ის ესტონეთის პირველმა პირმა მიიღო. სამივე ქვეყანა ევროკავშირის იმ წევრებს შორისაა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიმართ განსაკუთრებით მწვავე კრიტიკით გამოირჩევიან და სალომე ზურაბიშვილს მოქმედ პრეზიდენტად აღიარებენ. ბალტიისპირეთის ქვეყნების საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება საბჭოთა პერიოდის მიდგომებს ახსენებს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს საქართველოს სუვერენიტეტის უარყოფაში და ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილის დღევანდელი მიმართვის მთავარი ადრესატები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არიან, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის სწორ გზაზე დასაბრუნებლად კონკრეტული მოწოდებებით მიმართავს.