ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკა და საქართველო  

26 მაისისთვის მზადების პარალელურად ოპოზიცია ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაზეც მუშაობს.

ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება ახალი არჩევნების მიღწევის მთავარ გზად სახელდება. ხელისუფლების ოპონენტი აქტორების გზავნილები ზუსტ თანხვედრაშია იმ მოწოდებებთან, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ისმის. ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით ყველაზე მეტად სწორედ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გამოირჩევიან, რაც ინდივიდუალური სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესების და ანტისამთავრობო აქციებზე სიტყვით გამოსვლების გარდა რადიკალური ნაბიჯების დაანონსებაშიც ვლინდება. სწორედ ესტონეთიდან გაჟღერდა პირველად საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადახედვის მოთხოვნა. ტონი, რომელიც განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამკაცრდა, ხელისუფლების მოქმედებებზე ადეკვატური პასუხია ოპონენტებისთვის. თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნების ქცევის სხვა ახსნა აქვს ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი პოზიცია ლატვიის მაღალჩინოსანთან ცოტა ხნის წინ ჩაწერილმა ინტერვიუმ კიდევ უფრო გაუმყარა.