ბაკურიანში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
ბაკურიანში სეზონი 20 დეკემბრიდან, კოხტას სასრიალო არეალის გახსნით დაიწყო. ამ ეტაპზე ბაკურიანში სრულად ფუნქციონირებს სამივე სასრიალო ტრასა – დიდველი, კოხტა და მიტარბი. დიდველის სასრიალო არეალზე 2025–2026 წლების ზამთრის სეზონზე პირველად ამოქმედდა პანორამა-ფუნიკულიორი, რომელიც ვიზიტორებს ბაკურიანის გამორჩეულ პანორამულ ხედებს სთავაზობს. მისი საშუალებით ვიზიტორებს საშუალება აქვთ, რთულ ე.წ. შავ ტრასებზე მოხვდნენ, რაც ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.
ამასთან, დიდველზე ფუნქციონირებს ტობოგანი, რომელიც კურორტზე მყოფ დამსვენებლებს დამატებით აქტივობას სთავაზობს. ბაკურიანის კურორტზე ჯამში 12 საბაგირო ფუნქციონირებს, ხოლო სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 36 კილომეტრს შეადგენს. 2025–2026 წლების ზამთრის სეზონზე ოთხივე სამთო კურორტზე – ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე – მუშაობს Ski პატრული, რომელიც სასრიალო არეალებზე აწესრიგებს და იცავს ვიზიტორთა უსაფრთხოებას.